შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 280 / 24

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2012

მიღების თარიღი აპრილი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1686-12, 02/04/2012, №6/1708-12, 03/04/2012 და №7/200-12, 20/03/2012) ნუმერაციის 100 ნომრიან ორ ბლოკზე (900 100 1XX და 902 200 2XX) და 90 ნომრიან ერთ ბლოკზე (901 500 51X-დან - 901 500 59X-ის ჩათვლით) ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს ”მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლების 3-ჯერ 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურების              2-ჯერ 100 ლარის და 90 ლარის (1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები .

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის ბლოკები განკუთვნილია სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის კერძოდ  901 500 51X-დან - 901 500 59X-ის ჩათვლით - საქველმოქმედო მიზნით მომსახურების განსახორციელებლად, 902 200 2XX - მოზრდილთათვის ინტიმური ფასიანი საუბრების განსახორციელებლად, ხოლო 900 100 1XX - ინტელექტუალური ქსელებით, დამატებითი ღირებულების მომსახურების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა) განსახორციელებლად. შპს ”მაგთიკომი”არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ზემოთაღნიშნული არცერთი სახის მომსახურებისთვის შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N9  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 901 500 51X-დან - 901 500 59X-ის ჩათვლით (სულ ოთხმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს საქველმოქმედო მიზნით.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N10  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 100 1XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით, დამატებითი ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა)  მომსახურებას.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N11  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 902 200 2XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს მოზრდილთათვის ინტიმური ფასიანი საუბრების განსახორციელებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. ეცნობოს შპს „მაგთიკომს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებისთანავე.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს  (ც. უჯმაჯურიძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი 

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი