შპს “ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 66 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 52 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012

მიღების თარიღი იანვარი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის № 777/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №N66 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 16 იანვრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალმა ქსელებმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (06.12.2011, №7/880-11 და 08.12.2011, 7/891-11)  კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N66 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N66 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

”ბ.ა.) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3XXXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 23XXXX ფიქსირებული  საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ.ბ.) გეოგრაფიული ზონა: სამტრედიის მუნიციპალიტეტი;

ბ.გ.) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 07.07.2016 წ- მდე;

 ბ.დ.) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ბ.ე.) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან”.

კომისია აღნიშნავს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში შპს ”ახალი ქსელები” არ ახორციელებს ფიქსირებულ საკომუნიკაციო მომსახურებას №N66 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსით (23XXXX) და არ ჰყავს აბონენტები;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2012 წლის 16 იანვრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს “ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N66 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაუქმება და 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ა) პუნქტისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №N66 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ახალი ქსელებისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა)  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე