შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 562 / 24

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2012

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/450-12, 09/08/2012) სააბონენტო ნომრების მინიმალურ ბლოკებზე ინტელექტუალური ქსელებით (უფასო და დამატებული ღირებულების) მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

       კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F. 3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F. 4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებე1ბის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F .6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F. 7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის  უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 10 ლარის              (1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები თითოეული ნებართვისთვის ცალ-ცალკე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი განკუთვნილია ინტელექტუალური ქსელებით  მომსახურების განსახორციელებლად. ვინაიდან შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის, მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 800 200 20X (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურების განსახორციელებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიეცეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N63   ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 901 200 20X (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურების განსახორციელებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიეცეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N64   ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 200 20X (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურების განსახორციელებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4.  ეცნობოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის”  ჩაბარებისთანავე.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                       ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                       ა. სიხარულიძე