კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 109 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 იანვარს კომისიას ერთობლივი განცხადებით (№6/590-13) მიმართა შპს „სტარ გრუპმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N204969338) და შპს „ქედი სტუდიომ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205243100) შპს „სტარ გრუპის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”ქედი სტუდიოსთვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებას თანდართული აქვს შპს „სტარ გრუპის“ და შპს „ქედი სტუდიოს“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ორივე კომპანიის მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაციები.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

                ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტარ გრუპი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.9 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში, წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ირმა ბოლქვაძე (პირადი ნომერი: 01010015964), ხოლო 100% წილის მფლობელი შპს ”გაა ჰოლდინგი” (ს/კ: 205109611). შპს ”გაა ჰოლდინგის” 100% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გია ალიხანაშვილი (პირადი ნომერი: 01018001791). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ირმა ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „სტარ გრუპის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს “ქედი სტუდიოსთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, (10/118-13, 06.02.13წ.) შპს „ქედი სტუდიო“ არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს „ქედი სტუდიო“ ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში.                                   შესაბამისად, შპს „სტარ გრუპის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11,  ლიცენზიის შპს “ქედი სტუდიოსთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „სტარ გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს „ქედი სტუდიოსთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „სტარ გრუპს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის  შპს „ქედი სტუდიოსთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა                                   მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  მიზანშეწონილია ცვლილების განხორციელება მაუწყებლობის №B11 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო პირობებში და ლიცენზიის სახის შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „სტარ გრუპს“, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11  ლიცენზიის  შპს „ქედი სტუდიოსთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს „ქედი სტუდიომ“, კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

5. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 25 მარტს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტარ გრუპისთვის“ და შპს „ქედი სტუდიოსთვის“  გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

7. გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. გადაწყვეტილება (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი