შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 478 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2013

 

შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 6/2896-13, 28.05.2013) მიმართეს შპს „ჯითიესმა“ და შპს „რადექსმა“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „ჯითიესის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F22 ლიცენზიის შპს „რადექსისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯითიესი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიას 2012 წლის 27 ივლისის N 500/6 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;

გ) შპს „ჯითიესი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 10 მაისის N 320/11 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს „ჯითიესს“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის შპს „რადექსის“ მიერ შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისიის 2013 წლის 5 ივლისს N434/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯითიესსა“ და შპს „რადექსს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის გადაპირების მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 2 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 10 ივლისის N10/769-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „ჯითიესს“ კომისიის ან/და საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურისა ან/და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 14 ივნისის N10/615-13 და 2013 წლის 2 აგვისტოს N10/948-13  სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ დეპარტამენტი რადიოსიხშირეებთან დაკავშირებული საკითხების კუთხით ვერ ხედავს დამაბრკოლებელ გარემოებას NF22 ლიცენზიის შპს „ჯითიესიდან“ შპს „რადექსისთვის“ გადაპირების შემთხვევაში, ვინაიდან „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, უწყვეტი სიხშირული მონაკვეთი 403-450მჰც გამოიყენება რადიოკავშირის სისტემებისთვის და ამგვარად შპს „რადექსი“ ვერ ხდება ამ მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისია აღნიშნავს,  2013 წლის 15 ივლისს შპს “რადექსის“ მიერ დამატებით წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, რომ შპს „ჯითიესი“ თრანქული რადიოკავშირით მომსახურებას უწევს ცხრა იურიდიულ პირს. შპს „რადექსი“ იღებს პასუხისმგებლობას, სრულად შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც დაკისრებული ჰქონდა შპს „ჯითიესს“ აბონენტების მიმართ. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის შესაბამისად, შპს „რადექსს“ ავტორიზაცია კომისიაში გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 2 აგვისტოს 16:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯითიესის“ და შპს „რადექსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი პაატა კვარაცხელია, რომელსაც განემარტა, რომ გადაპირების შემთხვევაში შპს „რადექსი“ ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის ფარგლებში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გაუწიოს შპს „ჯითიესის“ აბონენტებს. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „ჯითიესსა“ და შპს „რადექსს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის გადაპირების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს „რადექსი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;

გ) შპს „რადექსი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

2. უზრუნველყოს შპს „რადექსმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა შპს „ჯითიესის“ აბონენტებისთვის.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯითიესისთვის“ და შპს „რადექსისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „რადექსისთვის“ და შპს „ჯითიესისთვის“ მისი დამოწმებული ასლების ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                        კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                         ირაკლი მოსეშვილი