კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიებს გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 511 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2013

 

კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიებს გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 ივლისს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/281-13) მიმართა შპს მედია-სახლი „ობიექტივმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N204436173) და ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N404385465) შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. 2013 წლის 24 ივლისს დამატებით ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4076-13) წარმოდგენილ იქნა შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ და ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმები და ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

     ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს მედია-სახლი „ობიექტივი“ (2011 წლის 25 ნოემბრს კომპანიას შეეცვალა სახელწოდება და ნაცვლად შპს ”1001 განცხადებისა” ეწოდა შპს მედია-სახლი „ობიექტივი“) ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას 2014 წლის 3 აგვისტომდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;

დ) გადამცემის სიმძლავრე: 500 ვტ;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

2. კერძო მაუწყებლობის №B114 ლიცენზიას 2021 წლის 28 ოქტომბრამდე, კომისიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №567/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ მიერ კომისიაში, წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე ირაკლი ცილიკიშვილი (პირადი ნომერი: 01019009508), გამგეობის წევრები არიან, საქართველოს მოქალაქეები: ირმა ინაშვილი (პირადი ნომერი:01023004465), მამუკა გობეჩია (პირადი ნომერი:01024015482) და რეგან თელოიანი (პირადი ნომერი:01001005720). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ირაკლი ცილიკიშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“  გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/949-13, 02.08.13წ.) ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივი“, ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივი“ ისევე როგორც მისი გამგეობის ოთხი წევრიდან ორი წევრი - რეგან თელოიანი (პირადი ნომერი:01001005720) და მამუკა გობეჩია (პირადი ნომერი:01024015482) არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, ხოლო გამგეობის წევრები ირაკლი ცილიკიშვილი (პირადი ნომერი: 01019009508) და ირმა ინაშვილი (პირადი ნომერი:01023004465) წარმოადგენენ შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ დამფუძნებლებს. ირაკლი ცილიკიშვილი და ირმა ინაშვილი კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების გარდა არ ფლობენ სხვა ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში.  შესაბამისად, შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს მედია-სახლი „ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს მედია-სახლი „ობიექტივს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების  სარგებლობაში გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს მედია-სახლი „ობიექტივს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114  ლიცენზიების  ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივმა“ კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B62 და №B114 ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს მედია-სახლი „ობიექტივსთვის“ და ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                       კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი