კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 611 / 5

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 სექტემბერს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5515-13 და 6/5514-13) მიმართეს შპს  „ტელეკომპანია აისმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205188615) და შპს ”იბერია TV”-იმ (საიდენტიფიკაციო კოდი: N201950594) შპს „ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს ”იბერია TV”-სთვის გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია აისი“ ფლობს: კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიას 2023 წლის 29 ივლისამდე, კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე კობა კვანტალიანი (პირადი ნომერი: 01015005319), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი                  შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N204563123). შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ლიანა ჟმოტოვა (პასპორტის ნომერი: 51№4822618), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინა გუდავაძე (პასპორტის ნომერი: 51№4717496). შპს ”იბერია TV”-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: N201950594) მიერ კომისიაში 2013 წლის 30 სექტემბერს წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/5521-13) შესაბამისობის დეკლარაციის თანახად შპს ”იბერია TV”-ის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე მარიამ ჯაფარიძე (პირადი ნომერი: 01008015165), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ბენმონტი-BENMONT“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N405010731). შპს ”ბენმონტი-BENMONT“-ის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი ქურდაძე (პირადი ნომერი: 61001002353), კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ზაზა ოქუაშვილი (პირადი ნომერი: 01024004133), ხოლო 30%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ნატო ჩხეიძე (პირადი ნომერი: 01008000358). ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”იბერია TV”, ისევე როგორც მისი დამფუძნებელი შპს ”ბენმონტი-BENMONT“ და ბენეფიციარი მესაკუთრეები ზაზა ოქუაშვილი (პირადი ნომერი: 01024004133) და ნატო ჩხეიძე (პირადი ნომერი: 01008000358) არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, ხოლო შპს ”იბერია TV”-ის დირექტორი მარიამ ჯაფარიძე (პირადი ნომერი: 01008015165) და შპს ”ბენმონტი-BENMONT“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე (პირადი ნომერი: 61001002353) წარმოადგენენ შპს ტელე-რადიოკომპანია           ”ბორჯომის” 45%-იანი და 35%-იანი წილების მფლობელებს. შპს ტელე-რადიოკომპანია ”ბორჯომი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B41 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საერთო ტელემაუწყებლობას მე-7 სატელევიზიო არხზე 50 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ბორჯომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;

                კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს ”იბერია TV”-ისთვის გადაცემის განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (№10/1283-13, 03.10.13წ.) შესაბამისად შპს ”იბერია TV” არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს შპს „ტელეკომპანია აისის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს ”იბერია TV”-სთვის გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ვინაიდან ლიცენზიის მიღების შემთხვევაში შპს ”იბერია TV”, მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირებთან - მარიამ ჯაფარიძესთან და გიორგი ქურდაძესთან ერთად არ გახდება 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე მეტის მფლობელი ერთი და იგივე მომსახურების ზონაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინების შესაბამისად ყადაღა დაედო შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიას; ამავე განჩინებით სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებზე და განმარტა, რომ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ საკუთრებაში არსებული კერძო სპეციალიზებულ ლიცენზიაზე ყადაღის დადება გამორიცხავს, როგორც შპს „ტელეკომპანია აისის“, ასევე სხვა პირის მიერ მის განკარგვას ნებისმიერი ფორმით; ამდენად, კომისიის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის მიუხედავად, მესაკუთრე ქონებაზე ყადაღის დადების გამო მოკლებული იქნება შესაძლებლობას განკარგოს იგი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ  შპს „იბერია ტვ”-ის დირექტორი მარიამ ჯაფარიძე და შპს ”ტელეკომპანია აისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი აკაკი გელოვანი. მარიამ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით, შპს „იბერია ტვ“-ს სარჩელის საფუძველზე ყადაღა ადევს შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიას და 2013 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიაზე ყადაღა არ არის მოხსნილი; მარიამ ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სასამართლოში დავა გრძელდება, თუმცა, მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სადაო კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეკომპანია აისის“ მიერ შპს „იბერია ტვ“-სთვის გადაცემის თაობაზე, რის შესახებაც მხარეთა განზრახვა გაცდახებულია საჯაროდ და სასამართლოც ინფორმირებულია მორიგებასთან დაკავშირებით. როგორც მარიამ ჯაფარიძემ განმარტა თბილისის საქალაქო სასამართლოში  2013 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლოს სხდომაც გადაიდო იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა მორიგების აქტზე და მხარეები ელოდებიან კომისიის გადაწყვეტილებას ლიცენზიის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.

კომისიის სხდომაზე შპს ”ტელეკომპანია აისის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, აკაკი გელოვანმა დაასტურა შპს ”იბერია ტვ”-სთან მორიგებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია.  

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიის მიერ, ლიცენზიის მფლობელისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მართლზომიერად გადასცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზედაც ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი და არა ვალდებულია განახორციელოს ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.

2. კომისიამ შეისწავლა რა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გამოარკვია, რომ არ არსებობს შპს „ტელეკომპანია აისისთვის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის შპს „იბერი TV”-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით; ამავე დროს, კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დავა შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სწორედ შპს „ტელეკომპანია აისსა“ და შპს „იბერია TV”-ს შორის და მხარეები გამოთქვამენ მორიგების მზადყოფნას, რასაც თავის მხრივ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემაც შეუწყობს ხელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია წინასწარი თანხმობა მისცეს შპს „ტელეკომპანია აისისს“, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „იბერია TV”-სთვის გადაცემაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს ”იბერია TV”-სთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული პირობები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ტელეკომპანია აისს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის  შპს ”იბერია TV”-ისთვის გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს ”იბერია TV”-იმ კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს ლიცენზიის  შპს ”იბერია TV”-ის მიერ კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ლიცენზიის  შპს ”იბერია TV”-ისთვის და შპს ”ტელეკომპანია აისისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  ა. სიხარულიძე არ დაეთანხმა