შპს ”მობილაივისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 94 / 24

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2013

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მობილაივმა” (კომისიაში რეგისტრაციის  №6/122-13, 15/01/2013) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (დამატებული ღირებულების) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 10 ნომრიან ბლოკზე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობილაივი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·         ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

     კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

         კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე (რომლის ფორმატი 5 ციფრიანია (9XXXX) და გამოიყენება არასატელეკომუნიკაციო, მათ შორის უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულების, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) და დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) სერვისების მისაწოდებლად), ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების  ნომერზე  შეადგენს  - 5 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

           კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მობილაივის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”მობილაივის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „მობილაივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  100 ლარის  და რესურსით სარგებლობის  საფასურის 50 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მობილაივი“  ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) 50 სააბონენტო ნომერზე. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა,  რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%. შპს ”მობილაივის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის  გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75% ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები 38 სააბონენტო ნომერზე).

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს შპს „მობილაივს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N108  ნებართვა  და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 93990-93999 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების  ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების) სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების  ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების) სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2.  ეცნობოს შპს „მობილაივს“,  რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „მობილაივისთვის“   ჩაბარებისთანავე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                                          კ.კვიტაიშვილი

                                                                                                         ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი