შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 01 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2014

მიღების თარიღი იანვარი 06, 2014

შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/482-13; 21.11.2013) მიმართეს შპს „სტერეო+“-მა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1, 2007 წლის 5 აპრილის №172/2  და 2013 წლის 25 მარტის №186/2 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება -  ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ს და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის N7/472-13, 20.11.2013; N7/473-13, 20.11.2013) საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის N683/5 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს „სტერეო+“-ს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 5 დეკემბრის N710/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გადაპირების მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 6 იანვარს 16:00 საათზე.

                კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 6 იანვარს 16:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სტერეო+“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მაია ცანავა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N10/1577-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „სტერეო+“-ს კომისიის ან/და საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურისა ან/და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ემუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N10/1573-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით განსაზღვრულია რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0მჰც ±3 მჰც, ანუ ჯამური 6 მჰც. კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ მიხედვით რადიოსიხშირული ზოლის კომისიის განსაზღვრული მონაკვეთი (68.0-74.0 მჰც) გამოიყენება წერტილი-მრავალწერტილი ტექნოლოგიისთვის და ასევე შეადგენს 6 მჰც-ს. შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის მფლობელი წარმოადგენს კომისიის მიერ განსაზღვრული კონკრეტული მონაკვეთის 100%-ის მფლობელს.  აღნიშნული მონაკვეთის სიგანე მინიმალურია, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მფლობელმა განახორციელოს ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის მფლობელისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინიმალურად დასაშვები სიგანის სიხშირულ ზოლში სატელევიზიო სიგნალის გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაპირებას უნდა დაექვემდებაროს მთლიანად 6 მჰც.

კომისიის სხდომაზე შპს „სტერეო+“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენლის, მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით კომპანია ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტს.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიურად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის (71.0. მჰც ± 3 მჰც)  გამოყენებით ავტორიზებადი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის მიერ განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის მონაკვეთის (71.0. მჰც ± 3 მჰც) 100% წილის ფლობის პირობებში, ის გარემოება, რომ გადაპირების შემთხვევაში შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნება“ გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის 100%-ის მფლობელი, ვერ გახდება ლიცენზიის გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნება“ მოკლებული იქნება შესაძლებლობას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზია გამოიყენოს ავტორიზებადი საქმიანობისთვის.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის N10/1598-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების მიხედვით   შპს „სტერეო+“-ს არ ჰყავს აბონენტები, თუმცა შპს „სტერეო +“-ს 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ფორმა 1.1-ით (შემოსავლები) ნაჩვენები აქვს  შემოსავალი სატელეკომუნიკაციო მომსახურებიდან 95,768 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს „სტერეო+“ ახორციელებს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ, მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის გამოყენებით, რაც თავის მხრივ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს მომხმარებლებთან წერილობით ხელშეკრულების გაფორმებას, ვინაიდან მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიღება აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეების მეშვეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის გადაპირების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სტერეო+“-სა და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნება“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება -  ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-სთვის და შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ გაგზავნა (მ.ნინუა).

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი