შპს ”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 321 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2015 16:40

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

შპს ”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/60-15, 02.02.2015) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია თმობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას.  

               კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F1 ლიცენზიას მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში.

              კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის          54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №200/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2015 წლის 21 მაისს 16:00 საათზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 წევრისგან, ხოლო კომისიის 2015 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

კომისიის 2015 წლის 28 მაისის №279/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №200/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 4 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

2015 წლის 4 ივნისს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”მაგთიკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური. სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

            ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გაუქმდეს შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (მ. ქადეიშვილი);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მაგთიკომისთვის” გაგზავნა                           (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”მაგთიკომისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                            მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                            გიორგი ფრუიძე