შპს ”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 197 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2016 18:32

მიღების თარიღი მარტი 24, 2016

შპს ”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/1060-15, 03.02.2016) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებდა WiMax ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდებას, აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ვერც ევროპის ქვეყნებში და ვერც საქართველოში ვერ ჰპოვა განვითარება, შესაბამისად კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის დათმობის თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F41 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 მჰც სიხშირული ზოლები კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

გ) 2007 წლის 12 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი  2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი  3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

დ) უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასა” და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასთან”.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით კომპანიას WIMAX ტექნოლოგიით საქმიანობაზე აბონენტები არ უფიქსირდება. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის №106/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 24 მარტს 15:00 საათზე.

2016 წლის 24 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”მაგთიკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური. სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გაუქმდეს შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”მაგთიკომისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6)შპს ”მაგთიკომისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                            მერაბ ქათამაძე