შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 24 / 24

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:32

მიღების თარიღი იანვარი 14, 2016

შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9812-15, 14.12.2015) მიმართა შპს „მაგთიკომმა” და სს „სილქნეტმა“  შპს „მაგთიკომის” სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების  „სილქნეტის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი” კომისიის 2009 წლის 31 მარტის №168/5 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N53 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2019 წლის 12 თებერვალი) ქ. თბილისში  10 000 სააბონენტო ნომერზე  (244XXXX).  

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

CDMA.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

CDMA.

B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

მონაცემთა გადაცემა.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

  • გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand).

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.     

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ  - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ და სს  „სილქნეტის”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს,  რომ სს ”სილქნეტის” და შპს  „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია  სს  „სილქნეტის” და შპს  „მაგთიკომის” ერთობლივი განცხადება, სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სს ”სილქნეტის” მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის  და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000 ლარის (0,10 ლარი 1სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა,  რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ფლობს 287 267 სააბონენტო ნომერს. სს „სილქნეტს“  კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 2015 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით  ქ. თბილისში ჰყავს  229 029 რეგისტრირებული აბონენტი,  რაც მასზე გაცემული ნუმერაციის რესურსის 79,7%-ს შეადგენს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა შეუძლიათ აიღონ პირველ რიგში ნუმერაციის იმ თავისუფალი რესურსიდან, რომელსაც ითვალისწინებდა მათზე გაცემული ლიცენზია და რომლით სარგებლობის უფლებაც მათი მოთხოვნის საფუძველზე დათმობილ იქნა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ ახორციელებს მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.  შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება სს „სილქნეტზე“, რადგან შპს „მაგთიკომი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ფლობს აქტიურ აბონენტებს. კომისიამ 2015 წლის 13 აგვისტოს N485/11 გადაწყვეტილებით გასცა თანხმობა შპს „მაგთიკომის“ საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების და აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდების უწყვეტობის მიზნით აუცილებელია შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე   კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცეს სს „სილქნეტზე“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 53 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2009  წლის 31 მარტის №168/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი;

2. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N264  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 244 XXXX (ათი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3.  ეცნობოს სს „სილქნეტს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „სილქნეტისთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2016 წლის 20 იანვარს;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                      ელისო ასანიძე

                                                                 გიორგი ფრუიძე                                              

                                                                 მერაბ ქათამაძე