შპს „ტელეკომპანია თბილისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 799 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2017 15:04

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

შპს „ტელეკომპანია თბილისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია თბილისმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/12558-16 29/11/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-281, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის განხორციელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია ვეღარ ახერხებს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისს” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-281, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: 

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი)

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ)ინტერნეტი - ღია (უფასო);

ზ.დ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-281, 14.07.2015) მოდიფიცირება, მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელეკომპანია თბილისის” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-281, 14.07.2015) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

2. შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნა                      (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                         გიორგი ფრუიძე                                                                                                         კომისიის წევრი                                                         მერაბ ქათამაძე