შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 836 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2017 13:16

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2016

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-მ, (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/12284 18/11/2016 №შ-7/12693-16 05/12/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1231, 11.02.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი/ ბიზნესი) მაუწყებლობის განხორციელება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1231, 11.02.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: 

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)ინტერნეტი - ღია (უფასო);

ზ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს 2016 წლის 18 ნოემბრის მოდიფიცირების თაობაზე განცხადებაში არ იყო დაზუსტებული სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე კომპანიას ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/4083-16, 28.11.2016წ.). შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-მ დაზუსტებული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 5 დეკემბერს (№შ-7/12693-16).

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა  შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გაგრძელდა 2016 წლის 22 დეკემბერს 15:00 საათზე. კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს დირექტორი რამაზ ჩაჩანიძე. რამაზ ჩაჩანიძემ კომისიის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკად განსაზღვრა შემეცნებითი/გასართობი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1231, 11.02.2015) მოდიფიცირება, მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი) მაუწყებლობის განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1231, 11.02.2015) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი) ტელემაუწყებლობა;

2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის გაგზავნა   (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    მერაბ ქათამაძე