სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 17 / 6

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2017 12:16

მიღების თარიღი იანვარი 12, 2017

სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/12677-16, 05.12.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “ვიტელ ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №549/11 გადაწყვეტილებისა და „შპს “დელტანეტსა” და შპს “ ვიტელ ჯორჯიას ” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ“   კომისიის 2007 წლის 6  ივლისის №385/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიტელ ჯორჯიას“ შერწყმის შედეგად, სს „სილქნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 18 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

სს ”სილქნეტის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2017 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, სს ”სილქნეტის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს.  სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი  (კომისიაში რეგისტრაციის N7/12677-16, 05.12.2016).

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი  №შ-10/13347-16), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო  ზოლი“ არის 2200-2400 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი, რომლის ფარგლებშიც კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ჩატარებულია მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დელტანეტი“ (კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილება). კერძოდ, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, 2284-2382  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”დელტანეტი”, რომელმაც დაადასტურა თანხმობა გადაეხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,153,845.00 (ერთი მილიონ ას ორმოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი.

 „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების დანართი №7-ით გათვალისწინებული გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და 2014 წლის მოსახლეობის აღწერის ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის გეოგრაფიული კოეფიციენტი შეადგენს 0.5415-ს.

კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ აუქციონებში დაფიქსირებული ფასის და შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტის გათვალისწინებით (დანართი N2), 2200-2400 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 1 მგჰც-ის ფასი საქართველოს მასშტაბით გამოდის 21,743.17 ლარი (დანართი N3).

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/13347-16) დანართი №4-ის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სს „სილქნეტის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 588,696.43 (ხუთასოთხმოცდარვა ათას ექვსასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 43 თეთრი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 12 იანვარს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კახი ყურაშვილი. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 588,696.43 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა. მან კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა  სს „სილქნეტისთვის“ განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შვიდ თვეზე განაწილვადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა სს „სილქნეტის“  წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს “სილქნეტის“  წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   განწილვადება ექვს თვეზე, კერძოდ საფასურის 30%-ს გადახდა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში, ხოლო თანხის 70% განწილვადდეს დარჩენილ ვადაზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას 2017 წლის 18 იანვრიდან 10 წლის ვადით  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;

ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველოს ტერიტორია (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 18 იანვრის ჩათვლით;

დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 588,696.43 (ხუთასოთხმოცდარვა ათას ექვსასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 43 თეთრი) ლარით.

3. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 588,696.43 (ხუთასოთხმოცდარვა ათას ექვსასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 43 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

1. 176 608.93 ლარი - 2017 წლის 12 თებერვლამდე.

2. 82 417.50 ლარი – 2017 წლის 12 მარტამდე;

3. 82 417.50 ლარი – 2017 წლის 12 აპრილამდე;

4. 82 417.50 ლარი – 2017 წლის 12 მაისამდე;

5. 82 417.50 ლარი – 2017 წლის 12 ივნისამდე;

6. 82 417.50 ლარი – 2017 წლის 12 ივლისამდე.

4. სს „სილქნეტი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა გ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე