საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 55 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2017 10:44

მიღების თარიღი იანვარი 26, 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-3/430-17, 18.01.17) მომართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2017 წლის 2-3 თებერვალს საქართველოში დაგეგმილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის  ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის  სიხშირის მინიჭების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისთვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2017წლის 2 თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით,  საქართველოში  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის  ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ორი დღის ვადით.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის პირადი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებდივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1474 და მიენიჭოს 380.0125 მჰც სიხშირე ქ. თბილისში, ორი დღის ვადით - 2017 წლის
2 თებერვლიდან 2017 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე