შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 655 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2017 14:48

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017

შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „რ-რადიომ“ (№7/2801-17, 30.03.2017), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რ-რადიო“ ითხოვს ქ. თბილისში კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (101.4 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით შეცვლას. როგორც წერილშია აღნიშნული ცალკეულ ავტომობილებში განთავსებულ რადიომიმღებებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლიათ, რაც ზღუდავს მსმენელთა საერთო რაოდენობას, ქმნის ზედმეტ სირთულეებს და დისკომფორტს ფართო აუდიტორიისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას, კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6  გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 101.4 მჰც სიხშირეზე, ქ. თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №567/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „რ-რადიოს“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების (№შ-10/5735-17 02/08/2017, 10/61017-17 15/08/2017) თანახმად შესაძლებელია შპს „რ-რადიოს“ კუთვნილი №B104 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირის 101.4 მჰც შეცვლა 101.3 მჰც სიხშირით.  ასევე მიზანშეწონილია კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიაში ტექნიკურ პარამეტრებში დამატებით მიეთითოს გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, გადამცემის სიმძლავრე, ანტენის განთავსების ადგილის კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ჩაიწეროს შემდეგნაირად - ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რ-რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი სატელევიოზიო ანძა

101.3

FM

V

წრიული

1000

41°41'44.49"N

44°47'5.92"E

85

8

 

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. მოდიფიცირდეს შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ) ქვეპუნქტი:

„ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რ-რადიოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”რ-რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში  (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს ”რ-რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                    მერაბ ქათამაძე