შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 11

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 11:27

მიღების თარიღი იანვარი 09, 2020

შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სმსჰაბის“ განცხადება კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-19-6/5032, 30.12.2019), რომლის თანახმად, შპს „სმსჰაბი“ არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც რეკლამირებას უწევს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით (აგზავნის სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის სმს-ებს) როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაიხსნა 2019 წლის 10   ოქტომბერს   და   ერთ   თვეში   მოახერხა   შემდეგ   კომპანიებთან  თანამშრომლობა: „ვენდუ“, „ლიმბახი“, „ვილა კრწანისი რეზიდენსი“ და ა.შ. კომპანიამ 10 000 ლარიანი ბრუნვა დააფიქსირა და ასევე, მოლაპარაკებები ქონდა სამომავლო გრძელვადიან თანამშრომლობაზე ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: „ნიკორა“, „ლუტეცია“, „ვისოლ ჯგუფი“, „ელიტ ელექტრონიქსი“ და სხვა.

შპს „მაგთიკომთან“ 2019 წლის პირველ ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს„სმსჰაბი“ სარგებლობს შპს „მაგთიკომის“ სმს პორტალით („მაგთიკომი“ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით უზრუნველყოფს მომსახურებას).

შპს  „სმსჰაბის“  განცხადების  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-19-6/5032, 30.12.2019)  თანახმად,  შპს „მაგთიკომმა“ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პირველი დეკემბრიდან, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ხდებოდა ფასების გაზრდა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე. ახალი ფასებით იმუშავებდა ყველა ის კომპანია, რომელიც ბაზარზე აღნიშნულ მომსახურებას უწევდა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. შპს „სმსჰაბი“ დათანხმდა აღნიშნულ პირობას და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, იმ დათქმით, რომ 2019 წლის პირველი დეკემბრიდან გაძვირდება ასაღები ერთეული სმს-ის ფასი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის დეკემბერის თვეში განცხადების ავტორისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკურენტი ფირმები ძველი ტარიფით განაგრძობდნენ მუშაობას, ხოლო გაძვირება მხოლოდ მათ კომპანიას შეეხო. ასეთ მდგომარეობაში, ფასების სხვაობიდან გამომდინარე, კომპანია ვერ ახერხებს კონკურენცია გაუწიოს კონკურენტ კომპანიებს. ამ ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დეკემბრის თვე, ვინაიდან ყველაზე მეტი ოდენობის სმს-ები ამ თვეში იგზავნება. ხოლო, ფასების მხოლოდ შპს „სმსჰაბისთვის“ გაძვირებამ გამოიწვია შემდეგი: კომპანია ვერ  უწევს    მომსახურებას    თავის    კლიენტებს;    ვერ    აფორმებს    ხელშეკრულებებს    ახალ ორგანიზაციებთან; კომპანია გახდა გადახდის უუნარო; თანამშრომლების მიმართ კომპანიას დარჩა ფინანსური ვალდებულებები; კომპანიას აღარ გააჩნია რესურსი შპს „მაგთიკომთან“ დადებული ხელშეკრულებით   ნაკისრი   ვალდებულების   შესასრულებლად   (2   მილიონი   სმს-ების   თანხის ჩარიცხვა ყოველთვიურად).

შპს   „სმსჰაბის“   განცხადების   თანახმად,   კომპანია   ითხოვს   ძველ   ტარიფზე  დაუყოვნებლივ გადასვლას, რათა   კომპანიამ   შეძლოს   ნაკისრი   ვალდებულებების  შესრულება.   ასევე,   შპს „მაგთიკომისგან“  ითხოვს    ფულად  ანაზღაურებას, რომელიც  ფაქტობრივად  მიადგა  კომპანიას ტარიფების გაზრდით.

შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 9 იანვარს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ( N გ-20-03/21, 06/01/2020 და N გ-20-03/20, 06/01/2020 )   ეცნობა შპს „სმსჰაბს“, საზოგადოებრივ დამცველს გ. ჩხეიძეს, შპს „მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მგთიკომის“ წარმომადგენელი დ.ძიძიგური და ლ.გიორგაძე, შპს „სმსჰაბის“ დირექტორი ბ.ლომიძე და გაყიდვების მენეჯერი ა.აროშიძე, ასევე საზოგადოებრივი დამცველი გ.ჩხეიძე.

საზოგადოებრივმა დამცველმა გ.ჩხეიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მომხმარებლის განცხადებას და კომისიას მიმართა შუამდგომლობით შპს „მაგთიკომისგან“ გამოთხოვილ იქნას 5 პირთან ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლები.

შპს „სმსჰაბის“ დირექტორმა ბ.ლომიძემ კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე ითხოვა საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა. ამასთან, დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომიდან გამომდინარე ითხოვს ძველ ტარიფზე დაბრუნებას, ვიდრე ყველა მსგავსი კომპანია არ მოექცევა ერთიანი ტარიფის სივრცეში, არადისკრიმინაციული და   თანაბარი პირობებით. კომპანიის დირექტორმა ასევე ითხოვა შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინოს შპს „ჯეო სმს“-თან და შპს „ემ ეს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები.

კომისიის 2020 წლის 9 იანვრის სხდომაზე ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ   ახალ და ძველ ტარიფზე საუბარი არ არის. ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 1 ოქტომბერს, რომელიც ითვალისწინებს ტარიფებს  1 დეკემბრამდე და 1 დეკემბრის შემდგომ. ლ.გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „სმსჰაბი“ არის ჩვეულებრივი აბონენტი, შესაბამისად, მომსახურების ბაზრის სეგმენტი არის საცალო ბაზარი და თუ ადგილი აქვს რაიმე სახის დარღვევას შპს „მაგთიკომის“ მხრიდან, საკითხის განხილვა კომისიის მიერ ამ ჭრილში უნდა მოხდეს. საცალო ბაზარზე შპს „მაგთიკომს“ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება არ აკისრია.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების   დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის     გადაწყვეტა    არ     მოითხოვს     ორგანიზებული     პროცედურების     განხორციელებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად.

შპს „მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

შპს „სმსჰაბი“ წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2019 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული   ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა- განმარტებებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის ახსნა-განმარტების, მომხმარებელ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის,   ასევე, შპს „მაგთიკომის“ ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას   მიაჩნია,  რომ   უნდა   დაიწყოს   ფორმალური   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 23 იანვარს, 15.00 საათზე;

3. შპს ,,მაგთიკომი“, შპს „სმსჰაბი“ და საზოგადოებრივი დამცველი კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

4. შპს „მაგთიკომს“ დაევალოს შპს „სმსჰაბთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსი მომსახურების (სმს პორტალის მეშვეობით და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით დამკვეთისთვის მომსახურების მიწოდების) თაობაზე სხვა კომპანიებთან (მომხმარებლებთან), მათ შორის, შპს „ჯეო სმს“-თან და შპს „ემ ეს ჯგუფთან“   დადებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს შპს „მაგთიკომის“  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესწავლა  და  შესაბამისი  წერილობითი დასკვნის წარმოდგენა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)  აღნიშნული  გადაწყვეტილების    შპს  „სმსჰაბისთვის“,  საზოგადოებრივი  დამცველისა  და  შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

7.      გადაწყვეტილება     ცალკე     გასაჩივრებას   არ  ექვემდებარება საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

მერაბ ქათამაძე  კომისიის თავმჯდომარის მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები