ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე

ნომერი: გ-20-5 / 417

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2020 16:33

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

ი/მ  „ილო ლაბაძესა“ და შპ„იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებებით მიმართეს ი/მ „ილო ლაბაძემ“ (ს/ნ 18001016147) და შპს „იმერ ტვ+“-მა (ს/კ 430039530) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/1081, 28.02.2020 და №შ-20-6/1356, 16.03.2020) ი/მ „ილო ლაბაძეს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის შპს „იმერ ტვ+“-სთვის გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის 2020 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ კომისიის 2019 წლის 30 ნოემბრის N769/6 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე;

დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364) სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მფლობელმა 12672მჰც÷12868 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემებისაგან;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის Nგ-19-11/735 გადაწყვეტილებით, მიეცა თანხმობა ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს “იმერ TV“-ს, ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და შპს „იმერ TV“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის  მიერ შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 19 მარტის №გ-20-23/328 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე.   ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2020 წლის 23 აპრილს 15:00 საათზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დაევალა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

კომისიის 2020 წლის 23 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ი/მ „ილო ლაბაძე“. სხდომაზე აღნიშნა, რომ 2020 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ი/მ „ილო ლაბაძეს“ კომისიის წინაშე არ ერიცხებoოდა რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხებოდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის 2020 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის თანახმად შპს „იმერ ტვ+“ იღებს ვალდებულებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივ რეესტრში ლიცენზიის მფლობელად რეგისტრაციისთანავე, იმ ბოლო მომხმარებლებს, რომელთაც ტელემაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება მიეწოდებოდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსით, უწყვეტად გაუწიოს იგივე მომსახურება მათთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების   დეპარტამენტის   დასკვნა   (სამსახურებრივი   ბარათი   №20-10-926,   21.04.2020). დასკვნის თანახმად: შპს „იმერ ტვ+“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია არ გააჩნია. ვინაიდან, ი/მ „ილო ლაბაძე“ და შპს „იმერ ტვ+“ არც ერთ სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად არ ფლობენ რადიოსიხშირულ რესურსს, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კონკრეტული დიაპაზონების ჭრილში სიხშირეების განაწილების მაჩვენებლები უცვლელი დარჩება. შესაბამისად, ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“ -ს შორის რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირებასთან  დაკავშირებით დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2020 წლის 30 აპრილი.

კომისიის 2020 წლის 29 აპრილის სხდომას ესწრებოდა ი/მ „ილო ლაბაძე“.   კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ არ არსებობს ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“ -ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ი/მ „ილო ლაბაძეს“ კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. სხდომაზე კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ი/მ „ილო ლაბაძეს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის შპს „იმერ ტვ+“-ზე გადაპირებისას ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  №F73  ლიცენზიის  მფლობელად  განისაზღვროს შპს „იმერ ტვ+“ (ს/კ 430039530) და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე;

დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით   364)   სიხშირული  დიაპაზონის  გამოყენება   კომისიის  2006 წლის 30  ივნისის   №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მფლობელმა 12672მჰც÷12868 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემებისაგან;

2.   დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ილო ლაბაძესთვის“ და შპს „იმერ ტვ+“- სთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე   (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5.      გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      ქ.თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) „ილო ლაბაძესთვის“ და შპს „იმერ ტვ+“-სთვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

კახი ბექაური        თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები: