ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში - მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის უორკშოპი ჩაატარა

ივლისი 26, 2019 10:04

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ტელევიზიისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის გზებზე ორდღიანი უორკშოპი ჩაატარა. ჟურნალისტებმა გამოცდილ ტრენერთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმუშავეს მულტიმედიური პროდუქტების შექმნაზე და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე. ტრენინგი ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი გზები, რომლებითაც სოციალურ მედიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა მიიღწევა. ტრენინგში მონაწილეობა 10-მა ჟურნალისტმა მიიღო.

ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასთან ერთად, ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალური მედია სულ უფრო აქტუალური პლატფორმა ხდება, რაც ტრადიციული მედიისთვის დიდი გამოწვევაა, ვინაიდან სოციალური მედიის აუდიტორია და ამბის თხრობის ფორმა საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციულისგან.

ქართული მედია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა მიეღოთ. ჟურნალისტებმა ციფრული მედიის საკითხებში გამოცდილ და კვალიფიციურ ტრენერთან -  გიორგი გოგუასთან ერთად ორი დღის განმავლობაში იმუშავეს. 

ფოტოალბომი: