10168±14 მგჰც, 10518±14 მგჰც, 10196±14 მგჰც და 10546±14 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

მაისი 08, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “მშენპროექტკომპანიამ” (წერილი Nტ-2, 17.03.2006 წ.) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ 10-13 გჰც სიხშირულ ზოლში რადიოსარელეო კავშირისათვის.
        კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მშენპროექტკომპანია”-ს ესაჭიროება 56 მგჰც-იანი სიხშირული ზოლი  ქ.თერჯოლიდან ქ.ბაღდათამდე მონაცემთა (ტელევიზია, ტელეფონია, ინტერნეტი) გადასაცემად.
       კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი 10-13 გჰც სიხშირულ ზოლში და შესაძლებლად მიაჩნია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ITU-R, F746 რეკომენდაციის გათვალიწინებით გამოცხადდეს აუქციონი და გამოიყოს 2X28 მგჰც სიხშირული წყვილი.
       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ა) 10168±14 მგჰც და 10518±14 მგჰც; ბ) 10196±14 მგჰც და 10546±14 მგჰც სიხშირეებზე რადიოსარელეო კავშირისათვის ქ.თერჯოლა-ქ. ბაღდათი;

2. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 7 ივლისის 13:00 საათი;

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 3.552 (სამი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 22 ივნისის 17:00 საათამდე;

5. სალიცენზიო პირობაა ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

7. განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10%-ის  გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე (ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;  ა/ანგარიში: 609326; კოდი: 220101830; საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050 ან სააქციო კომერციული ბანკი ,,ბაზისბანკი’’;  ა/ანგარიში: 7434136; კოდი: 220101956; საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050)  და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

8.  აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

9. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10% - გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას.

11. აუქციონი ტარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად;

12. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე;

13. აუქციონის სხდომა საჯაროა.

14. აუქციონის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:

ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

15. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

16. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                             დ. პატარაია

                                                                                         გ. ფრუიძე

                                                                                         ზ. ნონიკაშვილი