2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში (08.06-2016-08.07-2016)

აგვისტო 09, 2016 14:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის:

 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

 

წინასაარჩევნო პროცესის პირველი შუალედური ანგარიში 2016 წლის 8 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

-         ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამა „პოლიტიკური ღამე“, რომლის წამყვანი ბ-ნ ვალერი კვარაცხელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის „კვარაცხელია–სოციალისტების“ თავმჯდომარეს წარმოადგენს.

მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობა დაუშვებელია.

 

-          ეროვნულ მაუწყებლებს „რუსთავი 2“–ს და „ტაბულას“ საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ და კომისიაში არ წარმოდგენიათ ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და ამ საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.

კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით.

-          „რუსთავი 2“–ის და „ტვ პირველის“ ეთერში განთავსდა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შესაბამისი სურდოთარგმანის გარეშე;

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ხოლო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ორივე ტელეკომპანიის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდადრღვევათა ოქმი გადაგზავნილია საქალაქო სასამართლოში.

-          რიგ ტელეკომპანიებს სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამები არ აქვთ განთავსებული, კერძოდ: შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“, შპს „საფერავი ტვ“-ს, შპს „ქართული ტვ“-ს, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. აღნიშნული მაუწყებლების მიმართ მინიმალური პროგრამული მოთხოვნების დარღვევის ფაქტის გამო დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

-          საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის გარეშე გამოქვეყნება.

რიგი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების დაცვის გარეშე. კომისიამ საჯარო განცხადებით მიმართა როგორც მაუწყებლებს, ასევე ელექტრონულ მედიას - საინფორმაციო სააგენტოებს და შეახსენა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ü  ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ü  საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ü  კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ü  საველე კვლევის ჩატარების დრო;

ü  გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ü  რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ü  ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ü  იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ü  შერჩევის ზომა;

ü  ცდომილების ფარგლები;

ü  ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

–        ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების დიდ ნაწილს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით მოთხოვნილ ინფორმაცია, ამავე დადგენილებით განსაზღვრული ფორმით და ვადებში  კომისიაში არ წარმოუდგენია.

აღნიშნული გაზეთებია – ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“; ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“; ქუთაისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „უქიმერიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხაშურის მოამბე“; სენაკის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „კოლხეთი“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“; ყვარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ყვარელი“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ (გაზეთის სახელწოდება არ იქნა მოწოდებული); ახმეტის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბახტრიონი“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“; მცხეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „მცხეთა“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბოლნისი“.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისია თავად განახორციელებს ზემოაღნიშნული გაზეთების საკონტროლო შესყიდვებს და შეისწავლის აღნიშნული გაზეთების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხს.

კომისიის რეკომენდაციები:

–        „ტაბულას“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „მძიმე კაცთან“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ პოლიტიკური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სახელმწიფო ხალხისათვის“  წარმომადგენლები.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა დაიცვან „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამებში, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

–        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს  ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

მედიათავისუფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია არც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც სასამართლოს, ამგვარი პრეროგატივა მხოლოდ თავად მაუწყებლის მიერ შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს აქვს მინიჭებული. კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლებს თავისუფლებასთან ერთად საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, მოუწოდებს მათ, ისევე როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები, არ დაუშვან სიძულვილის ენის წახალისება, მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს (განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში) იხელმძღვანელონ სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

–        გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა ეთერშიც განთავსებული არ ყოფილა საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს უზრუნველყონ თავიანთ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსება.

 

xxx

2016 წლის 8 ოქტოპმბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის (08.06-2016-08.07-2016) ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) .

თანდართული დოკუმენტები: