აპრილი 27, 2015 16:08

ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ კომისიაში ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „თრიალეთის“ წინააღმდეგ საჩივარი შემოიტანა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „თრიალეთის“ წინააღმდეგ  წარმოებაში მიიღო.

საჩივარში ნათქვამია, რომ ფონდმა ტელეკომპანიებს „რუსთავის 2“-ს და „თრიალეთს“ მათ სამაუწყებლო ბადეებში განსათავსებლად  სოციალური რეკლამის ვიდეო რგოლი მიაწოდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფონდს სარეკლამო რგოლის დაკორექტირება მოსთხოვა, ტელეკომპანია „თრიალეთმა“ კი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ განცხადება უპასუხოდ დატოვა, რასაც არ ეთანხმება ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და საკითხის განხილვას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამ საათში ერთხელ არანაკლებ ოთხმოცდაათი წამისა გამოყოს სოციალური რეკლამის განსათავსებლად. ამავე კანონის თანახმად, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ დავებს იხილავს კომისია.

საკითხის არსებითი სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 14 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა, სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები