ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ტელემაუწყებლობა - რა ვიკითხოთ სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში?

მაისი 20, 2015 13:42

2015  წლიდან საქართველო ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადადის. რეფორმის განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის   საქართველოს,   საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც ჟენევის  2006 წლის    ხელშეკრულებით განისაზღვრა.

მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით  არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის ერთ-ერთი ცხელი ხაზის ამოქმედებაა. დღეს მოსახლეობას შეუძლია  დარეკოს ნომერზე 14 80 და დღე-ღამის ნებისმიერ დროს  მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის მხრიდან სწორედ  ცხელ ხაზზე შემოსული კითხვების მონიტორინგის შედეგად,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ  შეარჩია მნიშვნელოვანი თემები, რომლებსაც მოსახლეობას ამჯერად პრესის საშუალებით ვთავაზობთ.

ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობის მისაღებად თანამედროვე ტელევიზორის ან სეთ-თოფ ბოქსის შეძენისას მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ტექნიკის მაღაზიაში ინფორმირებული მივიდეს.  მან უნდა იცოდეს, თუ რა ფუნქციონალის ტელევიზორი ან მიმღები დასჭირდება ანალოგური მიწისზედა სიგნალის გათიშვის შემდეგ.

საქართველო, რადიოსიხშირეების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით,  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების დასანერგად გამოიყენებს დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და აპრობირებულ DVB-T2 სტანდარტს, მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 ტექნოლოგიით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ერთი მულტიპლექს პლატფორმისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის ფარგლებში, გავრცელდეს საშუალოდ 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის (SD) ან 4-დან 6-მდე მაღალი გარჩევადობის (HD) სატელევიზიო პროგრამა.

 

რა უნდა იკითხოს მომხმარებელმა, როდესაც ყიდულობს ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობისათვის საჭირო სეთ-თოფ ბოქსს?

თუ მომხმარებლის  ტელევიზორი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს,  მოუწევს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ციფრული სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის  - სეთ-თოფ ბოქსის შეძენა. სასურველია, სეთ-თოფ ბოქსის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობისთვის შემუშავებულ ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს.

ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობისთვის განკუთვნილი სეთ-თოფ ბოქსის შერჩევის შემდეგ, მოქალაქემ უნდა სთხოვოს მაღაზიის კონსულტანტს, რომ აღნიშნული მიმღები მიაერთოს ტელევიზორს და ღია საეთერო  სამაუწყებლო ანტენას, რათა დარწმუნდეს, რომ  პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში (2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე)  იღებს არანაკლებ 8  პროგრამას. მათ შორის: საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,რუსთავი 2’’, ,,იმედი’’, , ,,კომედი არხი’’, ,,ტაბულა’’  და ,,GDS’’ .

მყიდველი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რომ სეთ-თოფ ბოქსს შეუძლია ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა,  მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყბელის I და II არხების (GPB 1 და GPB 2) გადაცემის შინაარსი უნდა იკითხებოდეს ქართულ ენაზე.

სასურველია, მოქალაქემ შეამოწმოს, რომ მიმღებს მოჰყვება  ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია.

რეკომენდებულია, სეთ-თოფ ბოქსს თან ახლდეს RoHS და CE  სერთიფიკატები იმის დასადასტურებლად, რომ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ მომხმარებელთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული სეთ-თოფ ბოქსის საშუალებით მიიღოთ მაღალი გარჩევადობის (HD) პროგრამები, უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა მიმღებს HDMI კაბელის შესაერთებელი ინტერფეისი (პორტი).

დამატებით სხვა აქსესუარებთან ერთად ტელევიზორთან მისაერთებლად სეთ-თოფ ბოქსს  დასჭირდება HDMI, RCA ან SCART კაბელი.

სეთ-თოფ ბოქსის  შეძენისას მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იკითხოს, თუ როგორ მიიღებს ის აპარატის მონტაჟის სერვისს.

მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა სეთ-თოფ ბოქსს  საგარანტიო პირობები.

რა უნდა იკითხოს მომხმარებელმა ტექნიკის მაღაზიაში, როდესაც  ტელევიზორს ყიდულობს იმისათვის, რომ მიიღოს ციფრული ღია საეთერო პროგრამები?

(ასეთ ტელევიზორს ინტეგრირებულს ან iDTV -ს უწოდებენ)

მომხმარებელს, რომელსაც სურს შეიძინოს ახალი, თანამედროვე ტელევიზორი იმისათვის, რომ მიიღოს ციფრული ღია საეთერო პროგრამები, უნდა შეარჩიოს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი. სასურველია, აღნიშნული ტელევიზორის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის შემუშავებულ  ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს.

ტელევიზორის შერჩევის შემდეგ მომხმარებელმა უნდა სთხოვოს   მაღაზიის კონსულტანტს, რომ აღნიშნული ტელევიზორი მიაერთოს ღია საეთერო  სამაუწყებლო ანტენას, რათა დარწმუნდეს,  რომ  პარალელური მაუწყებლობის დროს (2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე)  იღებს არანაკლებ 8 პროგრამას. მათ შორის: საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,რუსთავი 2’’, ,,იმედი’’, ,,კომედი არხი’’, ,,ტაბულა’’  და ,,GDS’’ .

რეკომენდებულია,  ტელევიზორს თან ახლდეს RoHS და CE სერთიფიკატები იმის დასადასტურებლად, რომ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ მომხმარებელთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.

მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რომ აღნიშნულ ტელევიზორს შეუძლია ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა, მაგალითად,  საზოგადოებრივი მაუწყბელის I და II არხების (GPB 1 და GPB 2) გადაცემის შინაარსი იკითხება ქართულ ენაზე.

სასურველია,  ტელევიზორს თან ახლდეს ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია.

მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა ტელევიზორს  საგარანტიო პირობები.

 

როგორ მივიღოთ გარანტირებულად ციფრული ღია საეთერო სიგნალი, თუ გვაქვს თანამედროვე, DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე  ტელევიზორი?

თუ სარგებლობთ DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე  ტელევიზორით (ე.წ. iDTV), ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ:

  • ანტენა - მოსახლეობას გამოადგება  იგივე მეტრული და დეციმეტრული დიაპაზონის მქონე ანტენა, რომელსაც ანალოგური სიგნალის მიღებისას იყენებდა. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული  ან, ცალკეულ შემთხვევებში, სატელევიზიო ანძისკენ მიმართული სახლის ანტენა.

ანტენის დიაპაზონები უნდა იყოს 174-230 მჰც სიხშირეები VHF სიხშირულ ზოლში და 470-694 მჰც სიხშირეები UHF სიხშირულ ზოლში.

  • კაბელი - ციფრული საეთერო  სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ:   სტანდარტული  75  ომი  ტალღური  წინაღობის  მქონე  კოაქსიალური  კაბელი, ე.წ.  ,,სატელევიზიო კაბელი’’ .

 

სახელმწიფო  მულტიპლექს პლატფორმის  სიხშირეები  და  არხის  ნომრები  მთელი საქართველოსთვის  ნაჩვენებია   ბმულზე: 

http://gncc.ge/uploads/other/0/499.xls

 

შეერთების სქემა და ტექნიკური პარამეტრების გადაწყობის თანმიმდევრობა იხილეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.digitaltv.ge, სოციალურ ქსელში www.facebook.com/digitaltv.ge  ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1480

წყარო : www.digitaltv.ge