გაზეთი „ხაშურის მოამბე“ სასამართლომ სიტყვიერად გააფრთხილა

ოქტომბერი 11, 2016 10:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ხაშურის) სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ გაზეთის სიტყვიერი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთ „ხაშურის მოამბის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სააგიტაციო წერილი სახელწოდებით - „არც ერთი ნაციონალი პარლამენტში“, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს.