კახი ბექაური ეუთოს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

სექტემბერი 27, 2017 13:30

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების მისიის (ODIHR) ხელმძღვანელი კარინ ონკერი და მედია ანლიტიკოსი ივან გოდარსკი მიიღო.

მხარეებმა საქართველოს მედია ბაზარი და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის მიმდინარეობა განიხილეს. კახი ბექურმა სტუმრებს უკანსკნელ წლებში მედია ბაზარზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმის და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

კახი ბექაურმა ODIHR-ის წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილა წინა წლებში კომისიის მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პროცესში გამოვლენილი და  იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები და ამ მიგნებების შედეგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პროექტი.

კომისიის თავჯდომარემ შეხვედრაზე, ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც კომისიის მონიტორების, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, ეროვნული და  ადგილობრივი საერთო მაუწყებლებისთვის ჩატარებული ტრეინინგების შედეგად და კომისიის მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემური საკითხები კვლავ რჩება.

მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.