კომისია მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესს იწყებს

დეკემბერი 10, 2014 14:49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესს იწყებს.

2014 წლის 4 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N9 დადგენილება, რომლის თანახმადაც,  ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში (800/900/1800/2100) კომისიის მიერ უკვე გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება განხორციელდება, ლიცენზიების მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო 15 წლით, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურება.

ჰარმონიზებულ დიაპაზონებში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების დროს, ლიცენზიებით სარგებლობის ვადის მომდევნო 15 წლით გაგრძელებისთვის კომპანიების მიერ გადასახდელი თანხა ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გამოითვლება. ამ შემთხვევში კომისია ლიცენზიების მოდიფიცირების დროს ერთი მეგაჰერცის ღირებულებას განსაზღვრავს ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიით.

კომისიის დაკვეთით 800/900/1800/2100 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის საკონსულტაციო მომსახურება „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალმა საქართველოში განახორციელა. ჰარმონიზებულ დიაპაზონებში ერთი მეგაჰერცის ღირებულების განსაზღვრის ეს მეთოდოლოგია გამოიყენა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების (4G) დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამოაცხადების დროს და ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით მოხდება უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება.