კომისია NDI–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საარჩევნო გარემოს შეფასებას ეხმიანება

ოქტომბერი 27, 2017 18:11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია NDI–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ საარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  მედიის და საინფორმაციო სივრცის შესახებ თავს ეხმიანება.

მედიის და საინფორმაციო სივრცის შეფასებისას დოკუმენტში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მაუწყებელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული არ გაუსაჯაროვებია, რაც დამკვირვებლებისათვის მედიის ფინანსური გამჭვირვალობის და კამპანიის პერიოდში მიღებული შემოწირულობების ეფექტურ მონიტორინგს შეუძლებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო გარემოს შეფასებასთან მიმართებაში, აღნიშნული შეფასება არარელევანტურია, რადგან საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის[1] შესაბამისად, მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის თაობაზე და მაუწყებლების მიერ ამ მხრივ გაწეული მომსახურების თაობაზე დეტალური ანგარიშგება, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, როგორც კომისიაში ასევე მაუწყებელთა ვებ–გვერდებზე. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლო კომისიის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშიდან, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის 23 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, და რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 41 საერთო მაუწყებლის მონიტორინგი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მაუწყებელთა პირველი 3 კვარტლის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, კავშირში არ არის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის ფინანსური გამჭვირვალობის მონიტორინგთან.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, MDF-ის მკლევარს გაეგზავნა განმარტება თუ რა მიზეზით არის შეფერხებული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე მაუწყებელთა ფინანსური ანგარიშგების ფორმების გამოქვეყნება. კერძოდ, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი მიმდინარე წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში გამოიკვეთა უზუსტობა, ორ სხვადასხვა ფორმაში წარმოდგენილი ფინანსური მონაცემები არ არის თანხვედრაში. კომისიას დაწყებული აქვს აღნიშნული საკითხის შესწავლა და უზუსტობის მიზეზების მოკვლევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ (სამაუწყებლო ბაზრის 80%) და მათთან დაკავშირებულია სხვა სატელევიზიო არხებიც (სულ 6 სატელევიზიო არხი – „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“) არაზუსტი მონაცემების გამოქვეყნების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოკვლევის დასრულებამდე და დაზუსტებული ინფორმაციის მოძიებამდე დროებით შეეჩერებინა აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება და გაცემა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მონაცემების გადამოწმებისა და მოკვლევის დასრულებისთანავე კომისია განაახლებს მონაცემების გამოქვეყნებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ რიგი მაუწყებლის მიერ გასაჩივრებულ იქნა კომისიის (ჯერ 2014 წლის 27 მარტის N175/19 გადაწყვეტილება, შემდეგ 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება) და შესაბამისად, 2014 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მაუწყებლებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით (მაუწყებლის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა). კომისიის გადაწყვეტილება აღნიშნული ფორმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს  ნაწილობრივ შეჩერებული აქვს, რის გამოც 2014 წლიდან ვერ ხორციელდება კანონის მოთხოვნების სრულყოფილი აღსრულება და შესაბამისად, უკვე რამდენიმე წლის მანძილზე, ვერ ხორციელდება მაუწყებლების დაფინანსების წყაროების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის კომისიის მიერ მიღება, შემდგომი დამუშავება და საზოგადოებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხი არ გამხდარა მედიის საკითხებზე მომუშავე არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო სივრცეში განხილვის საგანი.


[1] საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51–ე მუხლებზე ზედამხედველობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს კომისია.