კომისია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე შეფასებას ეხმიანება

ნოემბერი 03, 2017 18:05

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და კომისიის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე 2017 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შეფასებას ეხმიანება.

2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე მონიტორინგის დროს გამოიკვეთა რიგი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებდა. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება მაუწყებლებს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, რომ მაუწყებლები არ იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, საკანონმდებლო დანაწესების განსხვავებულად ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო. ამასთანავე, მაუწყებლები უთითებდნენ  იმ გარემოებაზე, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების რესურსი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მაუწყებლებზე დაკისრებული ვალდებულებების გადახედვის აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–11 პუნქტი, ცალსახად უდგენს მაუწყებლებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან მიმართებაში სხვადასხვა ვალდებულებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვალდებულებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციით (ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი, გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი, ცდომილების ფარგლები და ა.შ.), არამედ ასევე განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს (უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება).

ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ყველა მაუწყებელზე, რომელიც გადაწყვეტს თავისი ეთერით გააშუქოს საზოგადოებრივი აზრის კვლევები, მიუხედავად იმისა თავად არის ამ კვლევის დამკვეთი თუ ახორციელებს სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. სწორედ იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ვალდებულებები ვრცელდებოდა ყველა მაუწყებელზე, კომისიის შეფასებით საჭირო გახადა შესაბამისი ცვლილებების მოქმედ კანონმდებლობაში ასახვა.

კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამკვიდრებული პრობლემატური პრაქტიკის საკანონმდებლო დონეზე გაძლიერებასკი არ ემსახურება, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ არის შეფასებული (აღიშნული ვალდებულებებს კანონმდებლობა 2001 წლიდან ითვალისწინებს), არამედ პირიქით ამსუბუქებს მაუწყებლების უფლება–მოვალეობებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ათავისუფლებს მაუწყებელს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–11 პუნქტის ა–ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან, თუ იგი თავად არ წარმოადგენს აღნიშნული კვლევის დამკვეთ ორგანიზაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ წარმოებული საქმე საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საგანგაშო იყო.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული წარმოების ფარგლებში კომისიამ შეისწავლა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და კომპანია „GfK“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების თაობაზე, რომლის პირობებიდანაც გამოირკვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებლის მიერ ამ კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების მექანიზმებს.

კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მექანიზმების არარსებობა იყო ერთ–ერთი წინაპირობა იმ ცდომილებებისა, რომლებმაც თავი იჩინა 2016 წლის საქართველოს პარლამენტის წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევებში.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წარმოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, თავად სამაუწყებლო არხმა გამოთქვა პრეტენზიები კომპანია „GfK“-ს მიმართ, რაც საბოლოოდ ამ მკვლევარი ორგანიზაციის ცვლილებაში გამოიხატა.

რამდენადაც კომისიისათვის არის ცნობილი, ზემოაღნიშნული პრაქტიკისა და გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაუწყებლების და მკვლევარი ორგანიზაციების მიერ მოხდა მოქმედი საკანონმდებლო ვალდებულებების სახელშეკრულებო ურთიერთობებში ასახვა, რაც შედეგად ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მაღალი სიზუსტის განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.