კომისია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 2017 წლის პირველ სექტემბერს დაიწყებს

აგვისტო 23, 2017 11:17

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან იწყებს. აღნიშნული პერიოდში კომისიის მონიტორინგის ჯგუფი  ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში,  49 ტელეკომპანიას დააკვირდება.

საქართველო ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლზე განთავსებული უნდა იყოს სურდოთარგმანი (შშმპ). აღნიშნულის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად  საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან 50 დღით ადრე, ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე და რადიოზე, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულ მაუწყებელზე და ავტორიზებულ მაუწყებელზე. ასევე, უფასოდ სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს  და სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

კენჭისყრის დღიდან 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, რომელიც გეგმავს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამა, ვალდებულია საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა,  ყველა სხვა პარტიის და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს  ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები  უზრუნველყოს სურდოთარგმანით (შშმპ).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად,

-  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

-  წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

-   წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: post@gncc.ge  ან შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 32 2 38 40 61

ტელეკომპანიების ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში:

 

თანდართული დოკუმენტები: