კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთინება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლის განთავსებასთან და შემდგომ ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 15, 2016 18:42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების და შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებულარიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლო განთავსების მიზნით საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, 2016 წლის 19 აგვისტოდან წარმოექმნება, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იყო უფასო საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებისთვის აღნიშნულ თარიღამდეც გამოეყო.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში. მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხიმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე, ამავე კანონის 83-ე მუხლის და 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და წარუდგენს საქალაქო სასამართლოს განსახილველად.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს  გაცხადებულ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის საფუძველს -  „წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“, აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

.