კომისია შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს

სექტემბერი 08, 2017 13:08

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

სს „თიბისი ბანკი“ სადავოდ ხდის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ფიზიკურ პირზე შემდეგ ინტერნეტ დომენების გაცემის ფაქტს: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge.

სს “თიბისი ბანკი” საჩივარში მიუთითებს, რომ ბანკს დაუკავშირდა მოქალაქე და ზემოაღნიშნული ინტერნეტ დომენების მიყიდვა შესთავაზა. საჩივრის ავტორის განცხადებით, სს „თიბისი ბანკი“ საქპატენტში დარეგისტირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება.  საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის გარეშე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სს „თიბისი ბანკი“ ითხოვს  კომისიამ დაავალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ შემდეგი ინტერნეტ დომენების -  mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გააუქმება, ხოლო აღნიშნული დომენების მფლობელი მოქალაქე ცნოს საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევად.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გამოქვეყნდება და მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება ექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 28 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება.