კომისია სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებული შემთხვევების გამო მიმართვას ავრცელებს

აგვისტო 04, 2016 15:34

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს  ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

ბოლო დღეებში სამაუწყებლო სივრცეში შემდეგი ორი ფაქტი დაფიქსირდა:

ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემა „პოლიტიკური ღამის“ წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა: „...მაგ ენას აი ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს, მაგ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ...“

 ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დაპირისპირებისას ერთ-ერთმა რესპოდენტმა ოპონენტს შემდეგი ფრაზით მიმართა: "...შუბლს გაგიხვრიტავ შე ნაგავო, თავპირი არ დამამტვრევიო..."

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეახსენებს მაუწყებლებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 56–ე მუხლის შესაბამისად, იკრძალება  ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

მედიათავისუფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია არც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც სასამართლოს, ამგვარი პრეროგატივა მხოლოდ თავად მაუწყებლის მიერ შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს აქვს მინიჭებული. კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლებს თავისუფლებასთან ერთად საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, მოუწოდებს მათ, ისევე როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები, არ დაუშვან სიძულვილის ენის წახალისება, მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს, (განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში) იხელმძღვანელონ სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა „პოლიტიკური ღამის“ წამყვანი ბ-ნ ვალერი კვარაცხელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის „კვარაცხელია–სოციალისტების“ თავმჯდომარეს წარმოადგენს. კომისია მიმართავს ააიპ „მედია კავშირ ობიექტივს“ გაითვალისწინოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობა დაუშვებელია.