კომისიამ 8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

ოქტომბერი 23, 2017 10:38

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო  8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე (08.10.2017).

ეს ორგანიზაციებია:

  1. შპს „ტელეკომპანია პირველი“;
  2. ა(ა)იპ „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“;
  3. შპს „გურიის მოამბე“;
  4. შპს „ახალი ამბები“,  ბრენდული სახელი „ინტერპრესნიუსი“;
  5. შპს „Georgian National News“, ბრენდული სახელი GNN;
  6. შპს „New Post“;
  7. შპს „ომედია“, ბრენდული სახელი on.ge;
  8. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახელი - „ტაბულა“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების  გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ი) შერჩევის ზომა;

კ) ცდომილების ფარგლები;

ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.