კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახელწოდება „ტაბულა“ წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა

სექტემბერი 26, 2016 18:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახლწოდება „ტაბულა“ წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; გ) საეთერო დროის ტარიფი; დ) გაწეული მომსახურება.

ავტორიზებულ საერთო მაუწყებლებს, მათ შორის ტელეკომპანია „ტაბულას“, ზემოაღნიშნული ვალდებულებების განმარტების მიზნით 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნათ კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016), რომლის თანახმად, მათ ასევე, ეცნობათ, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია იწყებოდა  2016 წლის 8 ივნისს.

ტელეკომპანია „ტაბულამ“  2016 წლის 11 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა  წერილობითი ინფორმაცია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე, თუმცა,  წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია.

საკითხის საჯარო  განხილვის შემდეგ კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.