კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე მეორედ შეუდგინა, საკითხს საქალაქო სასამართლო განიხილავს

სექტემბერი 30, 2016 13:01

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე მეორედ შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ტყიბული) სასამართლოს გადაუგზავნა.

გაზეთ „ტყიბულის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო წერილი, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 31 გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).

ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 15 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს, მათ შორის არის გაზეთი „ტყიბული“.