კომისიამ მეოთხე თაობის (4G) ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად ლიცენზიების მოდიფიცირება დაიწყო

დეკემბერი 25, 2014 22:55

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესი დაიწყო.

მოდიფიცირებას შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მფლობელობაში არსებული ის ლიცენზიები  დაექვემდებარა, რომლებიც ჰარმონიზებულ (800/900/1800/2100) რადიოსიხშირულ დიაპაზონებშია გაცემული.

ლიცენზიების მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო 15 წლით, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურება.

კომისიის დაკვეთით 800/900/1800/2100 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის საკონსულტაციო მომსახურება „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალმა საქართველოში განახორციელა. ჰარმონიზებულ დიაპაზონებში ერთი მეგაჰერცის ღირებულების განსაზღვრის ამ მეთოდოლოგიას გამოიყენებს კომისია უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების დროს.

ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 28 იანვარს 16:00-ზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.