კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების (4G) დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა

ნოემბერი 28, 2014 18:43

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების წარმოდგენის ვადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 საათამდე განისაზღვრა. სააუქციონო სხდომა 2014 წლის 29 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

აუქციონზე 800 მეგაჰერცის დიაპაზონში 10x10 მეგაჰერციანი მონაკვეთია გამოტანილი და რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 364 386 ლარს შეადგენს. აუქციონზე ერთი ბიჯი 2 418 219 ლარი იქნება, რაც საწყისი საფასურის 0.5% დამრგვალებულ მთელ რიცხვამდე.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია, გარდა მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულებისა, ვალდებული იქნება 2016 წლის 1 თებერვლამდე მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურება დანერგოს საქართველოს  იმ დასახლებულ პუნქტებში  (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის  – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე  ნაკლებია,  შემდეგი პირობებით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-ში

2016 წლის 1თებერვლამდე

2.

50%-ში

2017 წლის 1თებერვლამდე

3.

70% -ში

2018 წლის 1თებერვლამდე

4.

90%-ში

2020 წლის 1თებერვლამდე

დეტალური ინფორმაცია აუქციონში მონაწილეობის პირობების შესახებ, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.