ივნისი 23, 2017 18:17

კომისიამ ორი ავტორიზებული პირი წერილობით გააფრთხილა, ერთის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 22 ივნისს გამართულ სხდომაზე შპს „პოვერნეტი“ და შპს „Skynet“  კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა. შპს „გეთ სქაის“ მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის შესწავლის შედეგად, გამოარკვია, რომ  შპს „პოვერნეტის“ წილის 100% მფლობელმა ირმა ნადირაშვილმა დათმო სრული წილი თეა ბარათაშვილის სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად შპს „პოვერნეტს“ კომისიისთვის არ მოუმართავს.

შპს „Skynet“ -ის შემთხვევაში კი ირკვევა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის დამფუძნებლად ფიქსირდება დავით მეგრელიშვილი (100%), დირექტორად კი გიორგი სირაძე, ხოლო 2017 წლის 10 მაისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად მითითებულია გოგა ჭითანავა, 10%-იანი წილის მფლობლად დავით მეგრელიშვილი. წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად შპს „Skynet“-ს კომისიისთვის არ მოუმართავს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ორივე კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

შპს „გეთ სქაის“ კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობას და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადაუხდელობას ედავებოდა. საქმის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომპანიამ კომისიას წარუდგინა სრულყოფილი ინფორმაცია და დარღვევის არარსებობის გამო კომპანიის მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები