კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმებს შესახებ სარეკლამო რგოლი შეისწავლა

აგვისტო 26, 2016 15:45

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიის განვითარების ფონდის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეიმედი“და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და საგადასახადო რეფორმებს ეხებოდა.

განცხადების ავტორი ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა, რის გამოც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვეს.

კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ვიდეორგოლში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ საგადასახადო ცვლილებების (შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს „საგადასახადო კოდექსში“ მიმდინარე წლის პირველ ივნისს შევიდა ძალაში) - რეინვესტირების შემთხვევაში მეწარმე მთლიანად თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებული ძირითადი საშუალებების იმპორტი გათავისუფლებულია დღგ–ს თანხის გადასახადისგან. ასევე აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავის დროს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, ხოლო საგადასახადო შემოწმება ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო როგანოს მიერ და რომ ამოქმედდა დამწყები ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.