კომისიამ შპს „პალიტრა TV“ „მაუწყებელეთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

სექტემბერი 12, 2016 13:56

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარის საფუძველზე შპს „პალიტრა TV“ „მაუწყებელეთა ქცევის კოდექსით“  განსაზღვრული თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფუნციონირების პროცედურული ნორმების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

2016 წლის 9 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); კავშირი „საფარი", „იდენტობა", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოს  მიმართეს საჩივრით და მოითხოვეს ტელეკომპანიის ,,პალიტრა ნიუსის” ეთერში განთავსებული გადაცემა ,,ფალავანდიშვილთან’’ მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შესწავლა.

ტელეკომპანია ,,პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 25 მარტის  გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, საკითხის განხილვაზე მოდავე მხარე მიწვეული არ ყოფილა. 2016 წლის 7 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე სააპელაციო საჩივრით მიმართეს „პალიტრა ნიუსის“  სააპელაციო ორგანოს.

22 ივნისს ააიპ  „მედიის განვითარების ფონდმა“   საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრით  მიმართა და მოითხოვა კომისიისგან რეაგირება  „მაუწყებელთა ქცევის კოდესის" მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმადაც „სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს". მართალია, „პალიტრა ნიუსმა“ საჩივრის განხილვის მიზნით ვადა ითხოვა, თუმცა ეს ტელეკომპანიამ 25 ივლისი წერილით მოითხოვა, როდესაც სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან ორ თვეზე მეტი იყო უკვე გასული.

1 სექტემბერს ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ მოდავე მხარეების მონაწილეობით საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ, მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“-მ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღცვრული პროცედურული ნორმები დაარღვია, კერძოდ, ტელეკომპანია ვალდებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, უზრუნველყოს საჩივრების საჯარო და სამართლიანი  განხილვა და მათზე დროული და დასაბუთებული რეაგირება.