კომისიამ შპს „სუპერ ტვ“ წერილობით გააფრთხილა

აგვისტო 11, 2017 17:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სუპერ ტვ“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს „სუპერ ტვ“ მიმდინარე წლის 26 ივნისს “Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-ის წერილის საფუძველზე შეამოწმა, რომელიც კომისიას ატყობინებდა, რომ უკანასკნელი სამაუწყებლო არხებს „Setanta Sport“-ს და  „Setanta Sport+“-ს შესაბამისი ნებართვის გარეშე სთავაზობდა საკუთარ აბონენტებს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ გარდა ზემოთხსენებული სპორტული არხებისა, შესაბამის ნებართვას ან ლიცენზიას შემდეგ სამაუწყებლო არხებზეც - „ТНТ“, „Rai 1“, და “TRT Turk” - არ ფლობდა.

კომისიამ  საჯარო სხდომაზე მოისმინა ყველა დაინტერესებული პირის პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს „სუპერ ტვ“-მ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“-ს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირს დაევალათ ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.