კომისიამ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე კომპანიებს წინასწარი თანხმობა მისცა

ნოემბერი 10, 2017 15:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით აცნობა. შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს.

კომისიამ საქმის წარმოების შედეგად მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება ძალაში კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე შევიდა.

ფოტოალბომი: