კომისიას ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) დელეგაცია ეწვია

ოქტომბერი 18, 2017 15:43

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE)  პრეზიდენტი მარტინ ჩიში, გენერალური დირექტორი მარიუს კრჟიჟაკი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანა როგოჟინა  და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეგულირების, მათ შორის აქტიური და პასიური ინფრასტრუქტურაზე დაშვების და ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის საკითხებში გამოცდილება გაუზიარა.

კახი ბექაურის ინციატივით ორი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო როუმინგის ტარიფების დაწევის კუთხით ითანამშრომლებს, პროცესში პოლონეთის რესპუბლიკაში მოღვაწე მობილური ოპერატორები და ქართული მობილური ოპერატორები ჩაერთვებიან. ასევე, პოლონური მხარე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების პროცესში აქტიური და პასიური ინფრასტრუქტურის  გაზიარების და ამ მიმართულებით ევროპის სივრცეში არსებული რეგულაციების დანერგვის თვალსაზრისით გამოცდილებას გაუზიარებს კომისიას. მნიშვნელოვანი იქნება პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება ინტერნეტის ხარისხის კონტროლის თვალსაზრისითაც, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური მიმართულებით.

ორი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო უკვე შვიდი წელია თანამშრომლობს.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და მისი აპარატის თანამშრომლებმა პოლონეთის რესპუბლიკის მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით ამ პერიოდის განმავლობაში შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებში მიიღო დახმარება: რადიოსიხშირული სპექტრის მართვა, განაწილებისა და დაგეგმარების მიმართულებით, ასევე, რადიოსიხშირული სპექტრის  ერთიანი მონიტორინგის ქსელის ჩამოყალიბების და საზღვრისპირა რეგიონებში სიხშირული სპექტრის მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ექსპერტული დახმარება განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევის მეთოდოლოგიების ჩამოყალიბების მიმართულებით. კომისია დეტალურად გაეცნო პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილებას საქართველოში ანალოგური მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზადების პროცესში.

გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება არ ყოფილა ცალმხრივი. პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალით დაინტერესდა. თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული პორტალის ადმინისტრატორებმა პოლონელ კოლეგებს პორტალის ფუნქციონირების მეთოდოლოგია და ნორმატიული ბაზა გააცნეს, რომლის საფუძველზეც ხდება ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

მომდევნო წელს, ასევე დაგეგმილია ინტერნეტ სივრცეში სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა.