მაისი 02, 2017 17:36

კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კახი ბექაურის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 აპრილის #261/22 გადაწყვეტილებით დაინიშნა. ამავე გადაწყვეტილებით, განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველი წევრის (წევრების) ხმის დამთვლელ კომისიაში განაცხადების წარდგენის ვადა: 2017 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2017 წლის 21 აპრილის 19:00 საათამდე - ასევე, კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც  კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტანგ აბაშიძეს ეკავა. ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 16 აპრილს აირჩია. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას  2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შედგება ხუთი წევრისგან. კომისიას აკომპლექტებს საქართველოს ხელისუფლების სამი შტო, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პარლამენტს კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს სამ კანდიდატურას, რომელთაგან  საქართველოს პარლამენტი ერთ კანდიდატს ექვსი წლის ვადით ირჩევს კომისიის წევრის თანამდებობაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები