კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებას მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა

ივნისი 05, 2018 13:08

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად მედია მენეჯერებს,  არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა  და სტრატეგია გააცნო.  კომისიამ მედია წიგნიერების  განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია სწორედ დამოუკიდებელ ბრიტანელ ექსპერტთან ერთად შეიმუშავა. დღეს გამართულ შეხვედრაზე მარტინა ჩეპმენმა და კომისიის წარმომადგენლებმა ორივე დოკუმენტი დეტალურად გააცნეს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს  წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაინტერესებულ მხარეებს ევროპული გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. მარტინა ჩეპმენის მიერაა მედია წიგნიერების პროექტები განხორციელებული ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამას გარდა, ბრიტანელი ექსპერტის მიერ არის შემუშავებული ევროპის მარეგულირებელთა გაერთიანებისთვის  და რეგულატორების ევროპული პლატფორმისთვის სახელმძღვანელო, იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მედია წიგნიერება და როგორ უნდა მოხდეს მისი ხელშეწყობა და განვითარება. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა დეტალურად მარტინა ჩეპმენმა დღევანდელ შეხვედრაზე და მოისმინა მის მიერ წარდგენილ ხედვაზე განათლების სფეროს, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები.

მარტინა ჩეპმენი დამოუკიდებელი ექსპერტი და გამოცდილი კონსულტანტია მედია წიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. მრავალი წლის განმავლობაში ის მაუწყებლობის სფეროში საქმიანობდა, 2013  წლიდან კი ჩეპლემნი „Mercury Insights-ის დირექტორი, კონსულტანტი და დამფუძნებელია. მარტინა ჩეპმენი  ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კონსულტანტია, როგორიცაა: ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია, ირლანდიის მედიის მარეგულირებელი, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი  და BBC; ის ასევე გახლავთ ევროვიზიის აკადემიის - წევრი და მედია წიგნიერების აღმასრულებელი დირექტორი - BBC-ში. სწორედ ასეთი დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ექსპერტის  ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მედია წიგნიერების განვითარებისთვის.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას  4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს:

პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და  ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება მედიის წარმომადგენლებისთვის.  

მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს,  მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი.

მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის  თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება.  ტექნოლოგიების ეპოქაში როცა თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ყალბი ახალი ამბავი და რომელია სიმართლე, აუცილებელია მომხმარებელს ავუმაღლოთ ცოდნა ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში. 

მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბორატორიაში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

მედია წიგნიერების განვითარებისა  და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაევალა.