მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების (4G) დასანერგად ლიცენზია 50 782 605 ლარად გაიყიდა

დეკემბერი 29, 2014 18:34

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 29 დეკემბერს მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (4G) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 50 782 605 ლარად გაიყიდა, შპს „მობიტელი“ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა.

აუქციონზე 800 მეგაჰერცის დიაპაზონში 2x10 მეგაჰერციანი მონაკვეთი იყო გამოტანილი და რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 364 386 ლარს შეადგენდა. აუქციონზე ერთი ბიჯი 2 418 219 ლარი იყო, რაც საწყისი საფასურის 0.5%-ია დამრგვალებულ მთელ რიცხვამდე.

კომპანია „მობიტელის“ დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა კომისიას დაუდასტურა ლიცენზიის საწყის საფასურს (48 364 386 ლარი) დამატებული ერთი ბიჯის საფასურის (2 418 219 ლარი) გადახდის მზაობა  (50 782 605 ლარი), რის შემდეგაც კომისიამ შპს „მობიტელი“ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა.

შპს „მობიტელი“ ვალდებულია ერთი თვის ვადაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის 20% საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში გადაიხადოს. აღნიშნული 20%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში კომისია გასცემს კომპანიაზე ლიცენზიას.

შპს „მობიტელი“ ასევე ვალდებულია, გარდა მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულებისა, 2016 წლის 1 თებერვლამდე მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურება დანერგოს საქართველოს  იმ დასახლებულ პუნქტებში  (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის  – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე  ნაკლებია,  შემდეგი პირობებით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-ში

2016 წლის 1თებერვლამდე

2.

50%-ში

2017 წლის 1თებერვლამდე

3.

70% -ში

2018 წლის 1თებერვლამდე

4.

90%-ში

2020 წლის 1თებერვლამდე

ასევე, აღსანიშნავია, რომ კომისიამ  25 დეკემებერს მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესიც დაიწყო.

მოდიფიცირებას შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მფლობელობაში არსებული ის ლიცენზიები  დაექვემდებარა, რომლებიც ჰარმონიზებულ (800/900/1800/2100) რადიოსიხშირულ დიაპაზონებშია გაცემული.

ლიცენზიების მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო 15 წლით, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურება.

კომისიის დაკვეთით 800/900/1800/2100 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის საკონსულტაციო მომსახურება „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალმა საქართველოში განახორციელა. ჰარმონიზებულ დიაპაზონებში ერთი მეგაჰერცის ღირებულების განსაზღვრის ეს მეთოდოლოგია გამოიყენა კომისიამ დღევანდელ აუქციონზე და ამავე მეთოდოლოგიას გამოიყენებს კომისია უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების დროს.

შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ დროებით სარგებლობაში არსებული ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 28 იანვარს 16:00-ზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურება უახლოვეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.