მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

დეკემბერი 25, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 10 ნოემბრის №386/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1800მჰც სიხშირულ დიაპაზონში 5 მჰც სიგანის წყვილ სიხშირულ ზოლზე.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 7,742,826.00 (შვიდი მილიონ შვიდას ორმოცდაორი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 27 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 15 დეკემბრის 13:00  საათი; კომისიის 2006 წლის 13 დეკემბრის №529/22 გადაწყვეტილებით კომისიის №72 სხდომა, რომელზეც უნდა ჩატარებულიყო აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გადატანილ იქნა 2006 წლის 18 დეკემბრის 16:00 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს: შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”სერვისლაინმა”  და შპს ”ჯეოკომ ინვესტმა”.

შპს ”სერვისლაინი”-ს და შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს, კერძოდ შპს ”სერვისლაინი”-ს განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო შპს ”მაგთიკომი”-ს განცხადებას თანდართული ჰქონდა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ აღნიშნული თანხა ჩარიცხული იყო კომისიის ანაგრიშზე და არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში როგორც ეს გათვალისწინებულია ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შპს ”სერვისლაინს” და შპს ”მაგთიკომს’’ კომისიის 2006 წლის1 დეკემბრის №523/22 და №524/22 გადაწყვეტილებებით განესაზღვრათ ვადა -  2006 წლის 12 დეკემბრამდე წარმოედგინათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. შპს ”მაგთიკომის” მიერ 2006 წლის 4 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი და აღნიშნული თანხა ჩარიცხულ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შპს ”სერვისლაინი”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შპს ’სერვისლაინი”-ს განცხადება აუქციონში მონაწილეობის მიღების შესახებ განუხილველი დარჩა და კომპანია არ იქნა დაშვებული აუქციონზე.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 18 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, შპს ”ჯეოკომ ინვესტის” წარმომადგენელს წილად ხვდა №2. აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 26 (ოცდაექვსი) ბიჯი, სულ 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას რვა ათას ხუთას თვრამეტი) ლარი დააფიქსირა შპს “ჯეოკომ ინვესტის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა უარი განაცხადა აუქციონის გაგრძელებაზე.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ  კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე