მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ღირებულებას „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალი საქართველოში დაითვლის

სექტემბერი 05, 2014 18:02

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით 800/900/1800/2100/2600 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის მიზნით საკონსულტაციო მომსახურებას „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალი საქართველოში განახორციელებს.

კომისიამ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 2014 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში ოთხი კომპანია „DotEcon Ltd“, „Detecon International“, „SBR-net Consulting AG“ და „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალი საქართველოში მონაწილეობდა. სატენდერო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო ფასით „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალმა საქართველოში გაიმარჯვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანის შორის ხელშეკრულება 2014 წლის 9 სექტემბერს გაფორმდება. კომპანია ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთი კვირის ვადაში ვალდებულია წარმოუდგინოს 800/900/1800/2100/2600 მეგაჰერცის დიაპაზონებში მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ერთი მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის ევროკავშირის სივრცეში აღიარებული მეთოდოლოგია.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალი (LTE) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად სიხშირეებს აუქციონზე გამოიტანს.

„ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს მიერ კომისიისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება როგორც ახალი ლიცენზიების გაცემის დროს საწყისი ღირებულების დადგენისთვის, ასევე უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების (ერთჯერადად) მოქმედების ვადი გაგრძელების დროს.