მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ღირებულების დადგენის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია

სექტემბერი 03, 2014 16:18

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 800/900/1800/2100/2600 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 12 აგვისტოს  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით  2014 წლის  2 სექტემბრის 15:00 საათამდე ჰქონდა. განაცხადი ოთხმა კომპანიამ „DotEcon Ltd“-მ, „Detecon International“-მა, „SBR-net Consulting AG“-მ და „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალმა საქართველოში შემოიტანა.

წარმოდგენილმა კომპანიებმა საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად შემდეგი საფასური განსაზღვრეს: „DotEcon Ltd“-მ - 170`999.00 ლარი, „Detecon International“-მა - 166`000.00 ლარი, „SBR-net Consulting AG“-მ - 165`999.00 ლარი და „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-მ - 165`900.00 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს სავალდებულოა გააჩნდეს გამოცდილება ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ლიბერალიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების შეფასების/ღირებულების განსაზღვრის კუთხით შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით:

·         მინიმუმ ათწლიანი საკონსულტაციო მომსახურების გამოცდილება, როგორც ევროპის მაშტაბით ასევე, საერთაშორისო დონეზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

·         ბენჩმარკინგის და ბიზნეს მოდილერის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით სხვადასხვა სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში არსებული რესურსების შეფასების პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ ორ ქვეყანაში და აქედან ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ადმინისტრაციული ორაგოსთვის (მარეგულირებელი ორგანო ან სახელმწიფო უწყება).

·         პრეტენდენტი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ექპერტთა ჯგუფს უნდა გააჩნდეს რადიოსიხშირული დიაპაზონების შეფასების მეთოდოლოგიების (ბენჩმარკინგისა და ბიზნეს მოდელირების ჩათვლით) შემუშავებაში, შეფასების პროექტების (შესყიდვა/გაყიდვის მხარე) განხორციელებაში, ასევე სხვადასხვა სიხშირულ ზოლებში მომავალი თაობის ქსელების/მომსახურებების დანერგვის ტექნიკური და ეკონომიკურ-კომერციული მხარეების შეფასების გამოცდილება.

კომისიამ  „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს სატენდერო დოკუმენტაციის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით ოფიციალური კორესპონდენცია უკვე გაუგზავნა. იმ შემთხვევაში თუ დაზუსტებული ინფორმაცია დააკმაყოფილებს სატენდერო და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატენდერო კომისია მას გამარჯვებულად გამოავლენს. თუ კომპანიამ არ წარმოადგინა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაცია, მაშინ კომისია დაბალი ფასის მიხედვით მომდევნო კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლას დაიწყებს, რაც ასევე გასაჯაროვდება.

უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=122514&lang=ge

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალი (LTE) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად გასცემს შესაბამის ლიცენზიებს. მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ევროკავშირის სივრცეში აღიარებული ერთი მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება როგორც ახალი ლიცენზიების გაცემის დროს საწყისი ღირებულების დადგენისთვის, ასევე უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების (ერთჯერადად) მოქმედების ვადი გაგრძელების დროს.